წმინდა მამები სინანულის შესახებ
სინანული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი ღთქმის დადება.
ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს და არც დაცემის გამო განსჯის.
რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები (სინანული) უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას, არ ენდო ცრემლებს სანამ სრულად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არ არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის რომელიც უკვე ძველია და არ არის გაფუჭებული.
წმ. იოანე სინელი
სინანულს ორი სახე აქვს - წარსულშიც იყურება და მომავალშიც. წარსულში - რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს და მომავალში, რათა ჩადენილი ცოდვები აღარ გაიმეოროს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
მონანიება - სიხარულია ღვთისა და ანგელოზებისა.
სქიმიღუმენი საბა
ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვერავინ მონახავს მას, ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისთვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი.
მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ განარისხო და შეურაცხყო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური
როგორც წყალს შეუძლია წაშალოს ნაწერი, ასევე სინანულის ცრემლსაც შეუძლია წაშალოს ჩვენი ცოდვები.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი
ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
,,სიკვდილის წინ შევინანებ” ამბობს ზოგი, ასეთი სინანულით ჯოჯოხეთშიც კი შეიძლება მოხვედრა”
წმ. ტიხონ ზადონელი
ვინც თავს იმართლებს იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
ამბა ისაია
ნურასოდეს იტყვი - ,,დღეს შევცოდავ , ხვალ კი შევინანებ” სჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური
ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური
სინანული, რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
ამბა ისაია
არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმ. ისააკ ასური
ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმ. ტიხონ ზადონელი
ადამიანს ცოდვა კი არ ღუპავს, არამედ ის თუ ამ ცოდვის გამო სინანული არა აქვს.
იღუმენი ნიკონი
ვინც საკუთარი თავის უკმაყოილოა, ის კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მოტევების იმედი იქონიოს.
ნეტარი ავგუსტინე
ერთმა მეომარმა ჰკითხა ამბა მოსეს: იღებს თუ არა უფალი სინანულს? ბერმა მიუგო: ,,მითხარი, საყვარელო, თუ ლაბადა დაგეხა, გადააგდებ მას?” - მეომარმა უპასუხა: ,,არა! დავკემსავ და კვლავ გამოვიყენებ.” - ,,თუ ასე უფრთხილდები შენს ტანსაცმელს, - უთხრა მას ბერმა, - მაშინ მითუმეტეს, განა უფალი არ დაინდობს თავის ქმნილებას?!”
საკუთარი ცოდვების შეგნება და თვითყვედრება - პირველი ნაბიჯებია სინანულის გზაზე.
(ლკ. 15017-19)
თუ ცოდვას არ აღიარებ, კიდევ უფრო ამძიმებ მას.
ორმაგად სცოდავს ის, ვინც სცოდავს და ცოდვით იწონებს თავს.
დანაშაულია არა იმდენად ცოდვის ჩადენა, რამდენადაც - ცოდვის ქმნის შემდეგ უსირცხვილობა.
(წმ. იოანე ოქროპირი)
შეუნდე სხვებს ყველაფერი, შენ თავს კი - არაფერი.
სათნოებათა მწვერვალი სიყვარულია, ვნებათა მწვერვალი კი - თვითგამართლება.
ნუ დაიწყნარებ თავს ცოდვის ქმნისას ახლობლების ცხოვრების უზნეო მაგალითით, ანდა, როგორც ღირსი თეოფანე ამბობს: ,,შენ ირგვლივ ცოდვის ჩვეულებრიობით”. ეს არ გამოგადგება ცოდვების გასამართლებლად და შესაბამისად, ღვთის მართლმსაჯულებისაგან ვერ გიხსნის.
ერთობლივად ჩადენილი ცოდვა ნაკლებ ცოდვად არ ითვლება იმის გამო, რომ იგი ერთობლივია; სწორედ ამგვარი ცოდვები აღძრავენ უფლის ყველაზე ძლიერ რისხვას.
(შესაქმ. 6,5-7)
რა სულელური ანდაზაა: ,,როგორც ყველა, მეც ისე!” ნოე რომ ყველასნაირი ყოფილიყო, მაშინ ისიც სხვებთან ერთად დაიღუპებოდა.
ვინმე იტყვის: ,,მარტო მე არ ვცოდავ”, ასეთებს მიუგებენ: ,,ჯოჯოხეთში ადგილები სამყოფია”.
ღვთისაგან შენთვის განკუთვნილი მადლის მიღების იმედი ნუ გექნება, თუ საკუთარი ცოდვილი ცხოვრების გამოსასწორებლად არ ზრუნავ.
...ნათლისღება ერთ გზის არის - სინანული მრავალგზის და მრავალსა ჟამსა შინა; ნათლისღებას არა უხმს არცა ოფლი არცა ჭირი - სინანულს ესე ყოველივე უხმს და ეხმარება; ნათლისღებასა შინა ნაცვლად ყრმისა, სხვა აღიარებს - სინანულსა შინა თვით უნდა აღიაროს ყოველივე საქმე თვისი... არცა თვინიერ ნათლისღებასა იქმნება ცხოვნება და არცა თვინიერ სინანულისა - ორივე ერთად უნდა აქუნდეს კაცსა.
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თუ სინანულსა არა ჰყოფ, ვერც ცოდვასა და უკეთურებას დააცხრობ, სინანულით ცხოვრება ტკბილი არს...
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ვის ჭირდება სინანული - ჩვენ თუ ღმერთს რომლის წინაშეც ვინანიებთ? რა თქმა უნდა ჩვენ ცოდვილთ, ჩვენ რომელთაც შევცოდეთ მას სითყვით, და გულისხმისყოფით, საჭიროა მუდმივად ღვადგინოთ კავშირი ღმერთთან, რომელიც განუწყვეტლივ ირღვევა, საშინელი და მარადიული უბედურება გველის, თუ გავწყვეტთ ამ წმინდა და ნეტარ კავშირს, რომლის გარეშეც ვერცერთი ქმნილება ვერ იცხოვრებსნეტარი ცხოვრებით, არამედ ეწამება დაუსრულებლად... სინანული აღადგენს სულში სიკეთეს, კვლავ გარდაქმნის ადამიანს ხატად და მსგავსად ხვთისა, ანიჭებს პირველად მშვენიერებას და ამყარებსნეტარ კავშირს ღმერთსა და ადამიანს შორის.
მონანიებას შეეწევა გონება, მეხსიერება, წარმოსახვა, გრძნობა, ნება. როგორც სულის ყველა ძალით ვცოდავთ ასევე მონანიებაც ამ ძალების მოხმობით უნდა ხდებოდეს, მაგრამ მონანიება, რომელიც მიზნად არ ისახავს გამოსწორებას, რომელსაც არ ახლავს მწუხარების განცდა, ფარისევლობად შეირაცხება... აღსარება უნდა იყოს გულწრფელი, ღრმა და სრული... სინანული უნდა იყოს წრფელი საკუთარი ჩვევისა და მოძღვრის ძალდატანებისაგან.
ვინც მოძღვრის წინაშე აღიარებს ხშირად ცოდვებს, მისთვის ძნელი არ იქნება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა. აღსარება არის პირველი ბიძგი გულწრფელი და ყოველდღიური სინანულისაკენ.რაც ურო დიდი ხნით გადავდებთ აღსარებას, მით უფრო დაიხლართება ცოდვის კვანძები, უფრო ძნელდება აღსარება. მეორე ბიძგი სინანულ;ისაკენ არის სიმშვიდე: რაც მეტია სიმშვიდე, მით უფრო წრფელია აღსარება.
წმ. იოანე კრონშტდატდელი
ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს, ცოდვის ხედვით იბადება გამწმენდი სინანული, თანდათანობით, განწმენდილი გონების თვალით იწყებს ადამიანიარსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანებების ხედვას რომელსაც ადრე თავისიდაბინდული გონებით ვერ ხედავდა და ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი,წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი მოგეახლოთ შენ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
|